შინაგან საქმეთა სამინისტრო ირაკლი ოქრუაშვილისა და მისი თანხმლები პირებისთვის ცეცხლის გახსნაში ბრალდებულის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც შს სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ი. გორში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ი.-მ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გორში, რკინიგზის დასახლებაში, გორის მაჟორიტარობის კანდიდატის _ ირაკლი ოქრუაშვილის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს, მოქალაქეების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, 2 პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბრალდებული შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოცხადდა, სადაც ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით).