საქართველოს პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი პრეზიდენტმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.
"ქალაქის ცენტრში ააფეთქეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანქანა. კიდევ კარგი მსხვერპლი არ არის. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდება და ჩვენ არ გვეყოლება ტერაქტის შედეგად მსხვერპლი ჩვენ ქალაქში", _ განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, გუშინ, "პირიმზესთან", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 4 პირი, რომლებიც შემთხვევის ადგილთან ახლოს იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.