საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, "გუშინდელი ფაქტი სამწუხაროდ არის ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესის, რომელსაც ერთი მხრივ სახელმწიფო პარტია "ქართული ოცნება" და მეორე მხრივ, ყოფილი სახელისუფლო პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ამკვიდრებენ ქვეყანაში".
აღნიშნულთან დაკავშირებით უსუფაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ესაუბრა.
"როდესაც სიძულვილი ხდება არჩევნებში გამარჯვების მთავარი იარაღი, მაშინ ასეთი სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტები არ არის გამორიცხული. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავგმოთ ყველა ის ადამიანი, ვისაც რაიმე შეხება აქვს ამ ქმედებასთან და ასევე იმ ძალადობრივ ფაქტებთან, რომლებიც მართალია ნაკლები სიხშირით, მაგრამ მაინც ხდებოდა ამ დღეებში. მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ეს ყველაფერი ხდება მათ თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებისთვის, აქ სხვა არანაირი საკითხი და არაფერი არ ირკვევა არავის შორის;
ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე ვიღაცეებმა მოახდინონ ისეთი გავლენა, როგორიც მათ სურთ. მათ უნდათ, რომ ჩვენ აგვამოქმედონ სწორედ მათი ინტერესების შესაბამისად.
ამიტომ, მინდა გთხოვოთ ყველას, 8 ოქტომბერს არჩევანი გავაკეთოთ ყველაფრიდან გამომდინარე. არა მხოლოდ ერთი ფაქტიდან, არა მხოლოდ ბოლოს ვინმეს მიერ ჩადენილი, ვინმეზე დაბრალებული, თუ გადაბრალებული ფაქტებიდან გამომდინარე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ჩვენ განვაიარაღოთ ის ბოროტმოქმედები, რომლებიც ქვეყანას ასეთი საფრთხის წინაშე აყენებენ.
სანამ ვიღაცეებს ექნებათ იმისი განცდა რომ მსგავსი აქტების მოწყობით, ან სხვა მანიპულაციებით ჩვენზე გავლენის მოხდენას შეძლებენ, მაშინ ისინი ამას გააკეთებენ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მყარად და არჩევანი გავაკეთოთ მომავლისთვის, იქ სადაც არ არის ტყუილი, არ არის სიძულვილი, არ არის მტრობ, არ არის შური. ეს უნდა დავანახოთ ჩვენ ყველა პოლიტიკოსს და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გადავარჩენთ ჩვენ ჩვენს ქვეყანას", _ განაცხადა უსუფაშვილმა.