_ 63 წლის ვარ, ვცხოვრობ სოფელ ლიხაურში, ბინებში. ძალიან მიჭირს, პენსიონერ დედაჩემს ვთხოვ საჭმლის ფულს, მრცხვენია დედაჩემის, რომელსაც ვერ ვარწმუნებ, რომ ჩემი კუთვნილი ხელფასი ვერ მივიღე და მისი პენსიით ვიკვებები. როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და რა ხალხის ხელში ვართ, ვერ ვხვდები. მე ჯერ არ ვარ საპენსიო ასაკში, არ მაქვს სოციალური დახმარება. ისე ვარ გამწარებული, რას გავაკეთებ, არ ვიცი. თვითმკვლელობამდე მივყავართ ამ ჩვენს ხელისუფლებას, 6 თვეა, მარბენინებენ ტყუილად, უხელფასოდ… _ ამბობს “გურია ნიუსთან” ბატონი ოთარი.
_ მატყუებ, მირღვევ ჩემს უფლებებს, ესაა სამართალი? მივდივარ “აბჯარიდან,” ვტოვებ ანსამბლს. ხელფასი, არ იტყვით, რამდენი მაქვს? 40 ლარი და იმასაც რომ არ მოგცემენ, ადამიანმა რითი უნდა ისულდგმულოს? იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ალბათ, განზრახ ამწარებენ ხალხს, რომ სააკაშვილს არ მისცენ ხმა.
ამ საუბრის ჩაწერიდან, რამდენიმე დღის შემდეგ, “გურია ნიუსის” ოზურგეთის განყოფილებაში ანსამბლ “აბჯარის” რამდენიმე წევრი მოვიდა და გვთხოვეს, დაწერილი წერილი გაგვეუქმებინა.
კარლო თავართქილაძე, ჯემალ და როზა დოლიძეები დაჟინებით ითხოვდნენ ოთარ მამალაძის ინტერვიუ არ გამოგვექვეყნებინა: _ ძალიან გთხოვთ, ჩვენ დაგვდეთ პატივი, ხვალვე მოგვცემენ ხელფასებს, ველაპარაკეთ ხელმძღვანელობას და არ გამოაქვეყნოთ ეს წერილი, _ გვთხოვდნენ ისინი.
მას შემდეგ, რაც ავუხსენით, რომ წერილს მხოლოდ ავტორის ნებართვის შემდეგ არ გამოვაქვეყნებდით, ისინი წავიდნენ.
ოთარ მამალაძე კვლავ ეწვია “გურია ნიუსის” ოზურგეთის განყოფილებას.
_ მიბარებენ, არის ზეწოლა, გამოიტანე განცხადება “გურია ნიუსიდან,” რატომ ჩივიო? ვერსად ვერ მეუბნებიან პასუხს, ხელფასი როდის იქნება. ვერც კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ვნახე, რომ დამელაპარაკოს, _ გვითხრა მან.
_ 35 წელია, ვემსახურები ხელოვნებას, დავამთავრე გიორგი სალუქვაძის 5-წლიანი სასწავლებელი, ვაკეთებ ჩემს საქმეს კარგად, მიყვარს, ყველა ღონისძიებაზე გავდივართ. მეტი გამოსავალი არ მაქვს, ხმას არ მივცემ მაგათ, გამორიცხულია, ვტოვებ ანსამბლს, მაგრამ ჩემი თანხა მომცენ. როგორ არ მეღირსება სააკაშვილის ნახვა, რომ ეს ყველაფერი ვუთხრა, _ ამბობს ოთარ მამალაძე.
ინფორმაციის გადასამოწმებლად “გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს კობა ბანძელაძეს დაუკავშირდა.
_ ბატონო კობა, ანსამბლ “აბჯარის” ერთ-ერთი წევრი ოთარ მამალაძე აცხადებს, რომ მას ექვსი თვეა ხელფასი არ აუღია.
_ ანსამბლი “აბჯარი” კულტურის ცენტრის ქვემდებარე არ არის და მაგის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. მე, უბრალოდ, მაგათ დავუთმე კულტურის ცენტრში ერთი ოთახი რეპეტიციისთვის, ეგაა და ეგ, _ გვითხრა ბანძელაძემ.