იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მიწის რეგისტრაციის პროცესში ყველაზე სუსტი რგოლი მიწის ამზომველები არიან.
ამის შესახებ წულუკიანმა დღეს მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობის ორი თვის შედეგების შეაჯამებისას განაცხადა.
"ორი თვის თავზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მიწის რეგისტრაციის ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ მნიშვნელოვანი რეფორმის ფარგლებში ყველაზე სუსტი რგოლი არის ამზომველი. მე დასავლეთ საქართველოში გახლდით ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, არაერთ სოფელში და ყველგან გამოჩნდა, რომ ამზომველი, რომელიც არის ბიზნესმენი, კერძო სექტორის წარმომადგენელი, რეალურად არ დგამს იმ ნაბიჯებს, რაც მოქალაქეს ცხოვრებას გაუადვილებდა.
ამიტომაც მინდა, მივმართო ჩვენს მოქალაქეებს და ვუთხრა, რომ ნუ მიმართავენ ნებისმიერ ბიუროს, რომელსაც შესასვლელზე „ამზომველი" აწერია, რადგან აღმოჩნდა, რომ საქართველოში არიან ამზომველები, რომლებმაც არ იციან მიწის აზომვა. ამიტომაც სოფლის რწმუნებულთან, გამგებელთან, გამგეობებში აუცილებელია, მოვიკითხოთ, რომელი ამზომველია კომპეტენტური, რადგან მხოლოდ კომპეტენტური და სტანდარტებით შესაბამისი აზომვითი ნახაზის პირობებში ანაზღაურებს სახელმწიფო ამზომველის საქმიანობას მოქალაქის ნაცვლად − იქნება ეს სერტიფიცირებული თუ არასერტიფიცირებული ამზომველი. ამზომველებს მინდა, ვურჩიო, რომ მოქალაქეს ნუ ეტყვიან, რომ თითქოს რეფორმა ჯერ არ დაწყებულა, იმიტომ, რომ თავად არ იციან, როგორ აზომონ მიწის ნაკვეთი. რეფორმა დაიწყო პირველ აგვისტოს. დღემდე ჩვენ 80 000 მოქალაქეს ვეხმარებით საბუთების მოძიებაში და 20 000-ზე მეტმა რეგისტრაცია უკვე წარმატებით დაასრულა", − განაცხადა თეა წულუკიანმა.