“გურია ნიუსს” ჰქონდა ინფორმაცია, რომ მოსახლეობის საცხოვრებელი კარ-მიდამოები დაიტბორა, მაგრამ რეალური მდგომარეობა გაცილებით მძიმე აღმოჩნდა.
თავდაპირველად გოგი ჯიჯიეშვილის ოჯახს ვესტუმრეთ. ეზოში შესვლისთანავე მუხლამდე წყალში აღმოვჩნდით. დატბორილია ეზო, ბოსტანი, წყლის ქვეშაა მოქცეული ნათესი კულტურები. წყალი მათი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზეც შესულა.
გოგი ჯიჯიეშვილი დატბორვის მიზეზებზე ლაპარაკობს: “მთავარი სამანქანო გზის ხიდი არის დაბალი და წყალს ვერ ატარებს. როცა ამ ხიდის მშენებლობა მიმდინარეობდა, ხალხმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ხიდი ცოტათი აემაღლებინათ. მაგრამ ხალხის აზრს ვინ გაითვალისწინებდა? რამდენიმე წელია, არ გაწმენდილა არხებიც. რომ გაწმენდილიყო, მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდებოდა და ყველა ეზოში წყალი აღარ შევიდოდა. ამ ხიდს აწი აღარავინ შეცვლის, მაგრამ არხები მაინც გაწმინდოს ხელისუფლებამ”.
სოფელ სუფსის ამ უბანში ყველა სახლში უმძიმესი მდგომარეობაა: “30 წელია, ასეთი ამბავია. გაწვიმებას შიშით ვხვდებით. მთლიანად გამინადგურდა წლევანდელი ნამუშევარი. წყალმა დაფარა ყველაფერი. წიწილებიც დამეხრჩო”, _ ჰყვება გუგული ბლაგიძე.
წლებია, სუფსის მცხოვრებლები სანიაღვრე არხებისა და კოლექტორების სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. ამ საკითხით იწყება და მთავრდება შეხვედრები დეპუტატობის კანდიდატთან, მაგრამ არჩევნების შემდეგ სოფელი დადებით შედეგს ვერ იღებს. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავრობას ამ საკითხის მოგვარების ნება არ აქვს.
კლარა კუტუბიძე წლებია, განცხადებით ხელში, სუფსის ადგილობრივი გამგეობიდან ლანჩხუთში გამგეობაში, ლანჩხუთიდან _ ოზურგეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დადის და დახმარებას ითხოვს, მაგრამ უშედეგოდ. სანიაღვრე არხი, რომელიც სუფსის ყოფილი ჩაის ფაბრიკის წინ გადის, დიდი ხნის გაუწმენდაობის გამო, ისეა ამოვსებული, წყალს ვეღარ ატარებს და ძლიერი წვიმების დროს ნიაღვარი მოსახლეობის ეზოებში მიედინება. კლარა კუტუბიძე ყვება, რომ ამის გამო, ლანჩხუთში მოქმედი ყველა საინფორმაციო საშუალება შეაწუხა _ ყველას ერთი მიზეზით აწუხებდა _ როგორმე მთავრობამდე მიეტანათ ხალხის სატკივარი: “ამასწინათ “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი შეხვედრა ტარდებოდა მოსახლეობასთან. სუფსაში ლანჩხუთის გამგებლის მოადგილე კახა ასკურავაც გამოჩნდა. მასაც ვუამბეთ ჩვენი გასაჭირის შესახებ და კვლავ ახალი დაპირება მივიღეთ _ პროექტი დამუშავების პროცესშია და დავაჩქარებინებთო. რა დამუშავება უნდა ერთი არხის გაწმენდის პროექტს ასეთი?! ჩაის ძველ ფაბრიკასთან გვირაბი ვიწროა და წყალს არ ატარებს. აქ ღია ხიდია გასაკეთებელი, რომ წყალი კარგად გაატაროს და უახლოესი მდინარის აუზს შეუერთდეს”.
ტაბანათში სუფსაზე უფრო მძიმე მდგომარეობა დაგვიხვდა _ გზაზე გავლა შეუძლებელი იყო და იძულებულები გავხდით, ღობეების განაპირა ვიწრო გასასვლელით მიგვეღწია მოსახლეობამდე. ტაბანათელების საკარმიდამო ნაკვეთებისა და ეზოების დატბორვის მიზეზი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა: ერთ-ერთმა ოჯახმა თვითნებურად ჩაკეტა საკუთარ ეზოში გამავალი სანიაღვრე კოლექტორი და მთელი უბანი წყალდიდობის საფრთხის წინაშე დააყენა. ამ თვითნებობით შეწუხებული მოსახლეობა იძულებული გახდა, სამართალი კანონიერების დაცვით აღედგინა და სასამართლოში შეიტანა სარჩელი. “გურია ნიუსი” შეეცდება მოვლენების განვითარებას მიადევნოს თვალყური და ყველა ფაქტი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
ტაბანათში მდგომარეობის სიმძიმე იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ სუფსის რწმუნებულმა, ელგუჯა ჩხარტიშვილმა თავისი წარმომადგენლები გააგზავნა, მაგრამ რაიმე დამაიმედებელი არც მათ უთქვამთ ხალხისთვის. ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული და მისი აპარატი, რომლებსაც ხელფასს მოსახლეობის პრობლემების მოგვარებისთვის უხდიან, საქმის კეთების ნაცვლად, უფასო რეკომენდაციებს არ იშურებენ: _ არხების გაწმენდა მთავრობის საქმე არ არის და ამას თქვენ თვითონ უნდა აკეთებდეთო!