ოქტომბრის პირველ რიცხვებში თბილისმა უმასპინძლა რესპუბლიკურ ტურნირს კარატეში _ ,,ჩვენი ოცნება_ ოლიმპიადაა’’, სადაც 450-ზე მეტმა კარატისტმა მოიყარა თავი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. მათ შორის იყვნენ გურული სპორტსმენებიც, რომლებმაც, ჯამში, 16 სხვადასხვა სინჯის მედალი _ 6 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო, მიითვალეს საკუთარ აქტივში.
დადებულ შედეგში მნიშვნელოვანი წვლილი მათ მწვრთნელებს _ მერაბ თურქიას, მანუჩარ ჩხაიძე, ლაშა ბერიძესა და შოთა ღლონტს მიუძღვით.
გურულთაგან 10-11 წლიანებში ტურნირის ჩემპიონი ლაშა კოსტავა გახდა, 12-13 წლიანებს შორის გიორგი ტუღუშმა მოიპოვა ოქრო. 14-15 წლიანთა შორის კი სხვადასხვა წონით კატეგორიაში საუკეთესოები იყვნენ და შესაბამისად ჩემპიონის ტიტულიც ირგუნეს გიორგი ჩხაიძემ, გუგა ივანაშვილმა, გიორგი მამინაიშვილმა და ნიკა დარჩიამ.
მეორე ადგილსა და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ: საბა ჭელიძე, ლუკა რუხაძე, მერაბ ლომაძე, ლუკა ფირცხალაიშვილი და გიორგი ზენაიშვილი, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ ზურა ბერიძე, გიორგი პატარაია, ანრი ჩხარტიშვილი, გიორგი ზენაიშვილი და ზურა დარჩია.
ტურნირზე მსაჯებად გურიის სამი წარმომადგენელი იყო მიწვეული: მერაბ თურქია, ლაშა ბერიძე და მანუჩარ ჩხაიძე.
შეჯიბრს სტუმრის სტატუსით სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც ტურნირის მონაწილეებს კარატეს ოლიმპიურ სახეობად აღიარება მიულოცა და სამომავლოდ სერიოზული დახმარებაც აღუთქვა მათ, რომ სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო კარაგდ განვითარდეს დედაქალაქსა და რეგიონებში. გარდა მინისტრისა, ტურნირს სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
უახლოეს დღეებში ჩვენებურები საკუთარ შესაძლებლობებს გორში გასამართ ღია პირველობაზე აჩვენებენ. ნოემბრის შუა რიცხვებში კი ბათუმში გაიმართება ოფიციალური ევროპის ჩემპიონატი შოტოკან კარატე დო-ში, სადაც გურულებიც იასპარეზებენ.