არჩევნების დღეს კანონით დადგენილი რამდენიმე აკრძალვა მოქმედებს. კერძოდ, ”საარჩევნო კოდექსის” გათვალისწინებით, კენჭისყრის დღეს, უშუალოდ კენჭისყრის შენობაში, აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის მიერ საკუთარი წარმომადგენლის გამოწვევა ან შეცვლა.
აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში, ასევე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე.
გარდა ამისა, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად, აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ ფოტო-ვიდეოგადაღება აწარმოონ.
კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ეკრძალებათ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება, თუ ეს შედეგები ცესკო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული არ არის.