საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა. მან ხმა საბურთალოს მე-5 ოლქის 12-ე საარჩევნო უბანზე მისცა. მინისტრმა არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„მე, ბუნებრივია, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას” _ ნომერი 41 და მის ძალიან ძლიერ, პროფესიონალ და ძალიან გამოცდილ კანდიდატს ნინო გოგუაძეს. ეს ნიშნავს, რომ ხმა მივეცი პროფესიონალთა ძლიერ გუნდს, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობით მოდის პარლამენტში, ხმა მივეცი ადამიანის უფლებების დაცვას და ისეთი სახელმწიფოს აშენებას, რომელშიც ადამიანის უფლებები და მისი ინტერესები იქნება პრიორიტეტი ყოველთვის. ეს ნიშნავს, რომ ხმა მივეცი სწრაფ განვითარებას და ეს ნიშნავს, რომ ხმა მივეცი სიმშვიდეს, სიწყნარეს, სტაბილურობას, მეზობლებთან ურთიერთობის დალაგებას. მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე შემოხაზონ ნომერი 41 ან ნებისმიერი პარტია იმ ერთი პარტიის გარდა, რომელიც ძალადობდა, სისხლს და სიკვდილს თესავდა საქართველოში და კიდევ ასეთი ძალადობით ფიქრობს რომ რაღაცას მიაღწევს. ცხადია, მათი დღეები არის წასული, სულ რაღაც 12 საათშიც გამოჩნდება, მაგრამ ამისთვის მოქალაქეების აქტიურობა არის აუცილებელი”, _ განაცხადა სოზარ სუბარმა. (R)