ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე ცხოვრებაძის განცხადებით, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონის, 08.05. 58-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს.
როგორც ცხოვრებაძემ "გურია ნიუსს" განუცხადა, ის ახლა შემოვლაზე იმყოფება და ამ უბანზე მომხდარი შემთხვევის შესახებ პირველდ ჩვენგან გაიგო.
"არ მაქვს ინფორმაცია რა მოხდა მაგ უბანზე. დაახლოებით ერთ საათში იქ ვიქნები და ყველაფერს გავარკვევ", _ განაცხადა ცხოვრებაძემ.
შეგახსენებთ, რომ "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერიანებული ოპოზიციის" ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ლატარიას ინფორმაციით, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონის, 58-ე საარჩევნო უბანზე გურამ დონაძემ საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა.
"გურამ დონაძე ვაზისუბნელი იყო, მაგრამ ამოწერილია აქედან. ხმის მისაცემად რომ მივიდა რეგისტრატორებმა უთხრეს, რომ მას იმ უბანზე ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა. თუმცა, ის არ დაემორჩილა რეგისტრატორებს, ყვიროდა, ისევ ვაზისუბნელი ვარ, ვინ კითხავს ჩემ სიდედრს რომ ამომწერაო. აიღო ბიულეტენები, იქვე შემოხაზა 5-იანი, კაბინაში არც შესულა და ჩაყარა საარჩევნო ყუთში. ამას კომისიის თავმჯდომარე შეეწინააღმდეგა, მაგრამ ვერაფერს გახდა", _ აღნიშნა ლატარიამ "გურია ნიუსთან საუბრისას.