დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები ზუგდიდში, ფაიფურის დასახლების მე-18 საარჩევნო უბანზე, სადაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები კომისიის წევრებს დაუპირისპირდნენ.
"თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდი მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით სიტუაცია უბანზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა საარჩევნო პროცესის დროს უბნიდან კომისიის თავმჯდომარე და რიგის მომწესრიგებელი გაიყვანა.
"შენობაში არ იმყოფებოდა არც კომისიის თავმჯდომარე და არც რიგის მომწესრიგებელი, რის გამოც ხმის მიცემის პროცესს პრობლემები შეექმნა" განუცხადა ირაკლი ჩიქოვანმა "რუსთავი 2"-ს.
მისივე თქმით ადგილზე "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები მივიდნენ და განმარტებები მოითხოვეს, რატომ ხდებოდა საარჩევნო პროცესის შეფერხება რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
"ქართული ოცნების წარმომადგენელთა მხრიდან იყო კომისიის წევრებზე ფიზიკური ძალადობის მცდელობა" აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.