ომბუდსმენი არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, გააცნობიერონ ამ პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და ხელი შეუწყონ სტაბილური გარემოს შენარჩუნებას. სახალხო დამცველის აპარატი საარჩევნო დღის მიმდინარეობაზე საუბრობს და მოვლენებს აჯამებს.
"სახალხო დამცველის მონიტორებმა დააფიქსირეს ძალადობის ცალკეული ფაქტები. მათ შორის, განსაკუთრებულად მწვავე იყო მარნეულში, #48 უბანთან შექმნილი ვითარება, რომელსაც სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა. ამავდროულად, სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო თბილისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 2 წარმომადგენლის ცემის ფაქტის შესწავლა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან დროული რეაგირება მსგავს ფაქტებზე.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მონიტორები დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ 919 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და გადაამოწმეს ცხელი ხაზის (14–81), მედიისა და არჩევნების პროცესში ჩართული სხვადასხვა აქტორების მხრიდან მიღებული ინფორმაცია, ასევე შეამოწმეს ცალკეული პროცედურების კანონშესაბამისობა. სახალხო დამცველის აპარატის მონიტორები იმყოფებოდნენ, მათ შორის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ უბნებზე: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 5 დაწესებულებასა და 1 სამკურნალო დაწესებულებაში. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა სამეგრელოს რეგიონის საზღვრისპირა სოფელ ხურჩასა და რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მონიტორინგი გაუწია კახეთის რეგიონში, უჯარმის საარჩევნო უბანში ჯარისკაცების მიერ ხმის მიცემის პროცედურას.
კენჭისყრის პროცედურების დარღვევათა დიდი ნაწილი განპირობებული იყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არასაკმარისი მომზადებით. დილის 7 საათიდან გამოვლინდა ცალკეულ უბანზე ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების დროულად დაშვების პრობლემები (3). გამოიკვეთა საკონტროლო ფურცლების არასწორად შევსების (3), შემაჯამებელ ოქმზე წინასწარ ხელის მოწერის, საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნის (12), კენჭისყრის ბიულეტენების დაგვიანებით მიწოდების (16), დამკვირვებლის უფლებების განხორციელების დროს შექმნილი დაბრკოლებების, საარჩევნო სუბიექტების მხრიდან აგიტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარჩევნო უფლების სავარაუდო დარღვევისა (2) და სხვა შემთხვევები.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს მონიტორინგს ხმის დათვლის, კენჭისყრის შედეგების შეჯამებისა და საჩივრების განხილვის პროცესზე. ომბუდსმენი დეტალურ ინფორმაციას გამოვლენილი დარღვევების თაობაზე სპეციალური ანგარიშის მეშვეობით წარმოადგენს".