"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ალასანიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტია აგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ბევრად უფრო განახლებული და უკეთესი შემადგენლობით შეხვდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, თუმცა ის გუნდიდან მიდის.
"მივიღე გადაწყვეტილება შევაჩერო ჩემი კამპანია მიუხედავად იმისა, რომ გადავედი მეორე ტურში. იმ დანაპირებების, შეთავაზებების შესრულებას, სჭირდება გუნდი, რასაც მე ხალხს დავპირდი. თუმცა ამ არჩევნებმა არ მომცა შესაძლებლობა, ეს დანაპირებები შევასრულო. მადლობა ყველა ადამიანს, თითოეული ხმისთვის. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ შესაძლებლობას რომ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოვახდინო. ამიტომ ვიღებ გადაწყვეტილებას და გავდივარ პოლიტიკიდან", _ განაცხადა ალასანიამ, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია სად აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებას. ალასანიას ბრიფინგზე არც იმაზე უასუბრია, ვინ იქნება პარტიის ლიდერი, ან ვინ მიიღებს მონაწილეობას მეორე ტურში გორში დანიშნულ არჩევნებში.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი დემოკრატები" დღეს კიდევ ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა დატოვა.
"მოგესალმებით მეგობრებო! პირველ რიგში მადლობას ვუხდი ყველა "თავისუფალ დემოკრატს" და ყველა ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა და მაძლიერებდა ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით უკეთესი, ევროპული საქართველოსთვის! ქვეყანაზე ზრუნვას აუცილებლად განვაგრძობ, ოღონდ სხვა რანგში და სხვა დარგში! დღეიდან აღარ ვარ პარტიული და სულ ცოტა ხნით ვიქნები ……..სახლში (ხვდებით ალბათ ვისი ხმითაც ვიტყოდი ამას) აბა, დროებით! პატივისცემით, უპარტიო ალექსი პეტრიაშვილი!", _ წერს საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე პეტრიაშვილი.