საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე საპარლამენტო არჩევნებს აფასებს. როგორც კოჟორიძე სოციალურ ქსელში წერს, ამომრჩევლის ნება არ ყოფილა რომელიმე პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში მოყვანა, მაგრამ ეს მაღალი ალბათობით მოხდება და ამაში დამნაშავე ხალხი ნამდვილად არ არის.
"შორიდან თვალს ვადევნებ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, ვეცნობი შეფასებებს. მინდა ჩემი მოსაზრება გაგიზიართ:
ამ არჩევნების მთავარი პრობლემა ნამდვილად არ იყო ის, რომ მოქალაქეებს თავისუფლად არ შეეძლოთ არჩევანის გაკეთება. არც ის ყოფილა, რომ ვიღაცამ თითქოს გააყალბა შედეგები (როგორც ზოგიერთნი ცდილობენ წარმოაჩინონ).
მთავრი პრობლემა იყო საარჩევნო სისტემა, რომელიც პრეზიდენტის მცდელობის მიუხედავად ვერ და არ შეიცვალა (მიზეზებს აღარ ჩავუღრმავდები). ფაქტია, რომ არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას არ მიუღია უბრალო უმრავლესობაც კი (50% + 1), მაგრამ შეიძლება ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა (75%-ზე მეტი). ფაქტია, რომ ამომრჩევლის ნება არ ყოფილა რომელიმე პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში მოყვანა, მაგრამ ეს მაღალი ალბათობით მოხდება და ამაში დამნაშავე ხალხი ნამდვილად არ არის…
ისინი კი ვინც არჩევნების მეორე დღესვე საკონსტიტუციო ცვლილებებს გვიანონსებენ, იქნებ დაფიქრდნენ და სხვა ცვლილებებთან ერთად საარჩევნო სისტემის ცვლილებაც დაგვიანონსონ (მით უმეტეს, რომ ამ ცვლილების აუცილებლობაზე წლების წინ თავად საუბრობდნენ). ამას მე ხომ არ ვამბობ, ეს ისტორიული გამოცდილებით დადგენილი აქსიომაა, რომ როდესაც მოქალაქეთა ნება და მანდატების რაოდენობა ერთმანეთს არ შეესაბამება, ირღვევა ბალანსი და ჩნდება პოლიტიკური კრიზისების საფუძველი, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვლად არ სჭირდება. იმედი მაქვს, რომ არ მოხდება იმ შეცდომების გამეორება, რაც ჩვენს უახლეს ისტორიაშიც მრავლად მოიძებნება…
და კიდევ ერთი, არ მგონია რომ ირაკლი ალასანია იმ ვითარებაში იყო, როცა ,,საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“..., _ წერს კოჟორიძე საკუთარი "ფეისბუკის' გვერდზე.