მარნეულის #22 საოლქო საარჩევნო კომისიამ ყიზილაჯლოს 48 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ცნობილია, უბნის შედეგების გაუქმების მოთხოვნით, საოლქო კომისიაში საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანმა საქართველომ" შეიტანა.
საჩივარში იყო აღნიშნული,რომ ყიზლაჯლოს #48 საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტის დროს, საარჩევნო პროცესი 20.00 საათამდე შეწყდა და ამომრჩეველს საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება აღარ მიეცა.
კომისიამ კიდევ ერთი – #34-ე კაპანახჩის საარჩევნო უბანზე პროპორციული სისტემის შედეგების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაც მიიღო.
როგორც მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იაკობ ასანიძემ განაცხადა, #34 უბანზე პროპორციული სისტემის შემაჯამებელი ოქმი დაიკარგა და კომისიამ მხოლოდ ასლი წარმოადგინა, რაც არჩევნების პროპორციული შედეგების გაუქმების მიზეზი გახდა.
აღნიშნულ უბანზე პროპორციული შედეგების გაუქმების მოთხოვნით, საოლქო კომისიას ,,სამართლიანმა არჩევნებმა" მიმართა. ასანიძის თქმით, რამდენიმე საარჩევნო უბნის წევრებს პროცედურული ნორმების დარღვევისთვის შენიშვნა მიეცა, ერთ-ერთი უბნის თავმჯდომარეს კი 10 დღის ხელფასი ჩამოეჭრება.
მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიაში სხდომა ამ დრომდე გრძელდება. კომისია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლის მიერ შეტანილ საჩივრებზეც იმსჯელებს. როგორც მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ,,ქართული ოცნება" #68-ე და #37-ე სარჩევნო უბნებზე არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს. როგორც საჩივარშია აღნიშნული, ორივე უბანზე საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა მეტობაშია არჩევნებზე მისული ამომრჩევლის რაოდენობასთან. მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიაში დღეს სულ 25 საჩივარს განიხილავენ.