წინასაარჩევნო კამპანიის წარმატებით დასრულების შემდეგ ქალაქ ოზურგეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ქალაქის სხვადასხვა უბანში აქტიურად გრძელდება ასფალტის დაგების სამუშაოები.
ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ ღლონტის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესი მოინახულა. აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემა წლების მანძილზე აწუხებდათ. სიტუაცია განსაკუთრებით რთულდებოდა ზამთარში, როცა ღლონტის ქუჩის აღმართზე ავტომობილების მოძრაობა თითქმის შეუძლებელი გახლდათ.
გარდა ღლონტის ქუჩისა, ამჟამად ასფალტის დაგების სამუშაოები ქალაქის არაერთ ქუჩაზე მიმდინარეობს. უკვე დასასრულს უახლოვდება პუშკინისა და წიტაიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესიც.
ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სარეაბილიტაციო პროცესი, ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანს მოიცავს.
ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე:
‘’მინდა ოპონენტების ბრალდებების პასუხად ვთქვა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ჩვენს ქალაქში, ფაქტიურად, ყველა ფეხის ნაბიჯზე მიმდინარეობს, არანაირად არ უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიას. მოსახლეობამ ისედაც იცის, რომ ქალაქისთვის საჭირო და სასარგებლო პროექტებს ჩვენ ვახორციელებდით წინასაარჩევნო კამპანიამდეც, კამპანიის დროსაც და მისი დასრულების შემდეგაც. მინდა ჩემმა თანაქალაქელებმა იცოდნენ, რომ წინ ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს, რომელთა განხორციელება ჩვენს ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება’’
ციცო თავამაიშვილი, ადგილობრივი მცხოვრები:
‘’ ჩვენს ქუჩაზე გავლა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. აქ სიარული გვიჭირდა ყველას, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ამ გზას ყოველდღე გადიან. ძალიან სასიხარულოა და მადლიერები ვართ, რომ გზის პრობლემა ამიერიდან აღარ გვექნება’’. (R)