"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევა და მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს. ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ საათნახევრიანი მსჯელობის შემდეგ დღეს მიიღო.
ამ დრომდე პარტიაში განხეთქილება იყო _ პარტიის წევრების ნაწილი მიიჩნევდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შესულიყო და მონაწილეობა მიეღო მეორე ტურში, რათა არ მომხდარიყო პარტიის მარგინალიზაცია და თვითიზოლაცია, ასევე, პატივი ეცათ იმ ნახევარი მილიონი ამომრჩევლისთვის, რომელმაც არჩევნებში მათ მისცა ხმა. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ პარლამენტში შესვლით შეებრძოლებიან ერთპარტიულ დიქტატურას.
ნაწილი კი მეორე ტურსა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა, რადგან, მათი აზრით, ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები და ამ არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის ნება. მათი თქმით, პარლამენტში შესვლით მოხდება გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია.
_ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმ ხმებისთვის, რომელიც წაგვართვეს, _ ამბობს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი. ჩვენ მოვისმინეთ ყველას აზრი და მივიღეთ გადაწყვეტილება მივიღოთ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში".