საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებულ საკითხზე პლენუმის განახლებული შემადგენლობა ხვალ იმსჯელებს, _ ამის შესახებ ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, ხვალ 14:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე პლენუმი რამდენიმე სკითხზე იმსჯელებს, მათ შორის, თავმჯდომარის არჩევის საკითხზეც.
"2016 წლის 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება პლენუმის სხდომა, რომელზეც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ საფინანსო სამსახურის ანგარიში და სასამართლოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული საკითხები", _ აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ორკვირიანი ვადა 14 ოქტომბერს იწურება.
ახალი წესის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პლენუმის სამმა წევრმა უნდა წარადგინოს, ხოლო პლენუმის მინიმუმ ხუთი წევრის მხარდაჭერაა საჭირო რომ თავმჯდომარედ დაინიშნოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად მოსამართლე ზაზა თავაძე მოიაზრება; ასევე არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი კანდიდატურები წამოაყენონ ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და ირინე იმერლიშვილმაც.
ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარის, მისი ორი მოადგილისა და მდივნის თანამდებობებია თავისუფალი.
როგორც ცნობილია, პლენუმის განახლებულ შემადგენლობას პირველი სხდომა 6 ოქტომბერს უნდა გაემართა, თუმცა მაშინ მოსამართლეთა ნაწილის გამოუცხადებლობისა და შესაბამისად, კვორუმის უქონლობის მიზეზით სხდომა ვერ შედგა.
საკითხის ფორსირებულ რეჟიმში განხილვას არ ეთანხმებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
იურისტების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული წესით თავმჯდომარის არჩევას "სახელმწიფო გადატრიალების" ტოლფასად მიიჩნევენ.
როგორც იურისტმა ლევან ალაფიშვილმა "გურია ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, პოლიტიკური პროცესებმა საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. "სახელმწიფო გადატრიალება", "სპეცოპერაცია", "პოლიტიკური კონტროლის მოპოვების მცდელობა", "კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში", _ ასე შეაფასა ალაფიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენები.
ამავე თემაზე:
საკონსტიტუციო სასამართლოს ჩაშლილი პლენუმი და პირველი შეფასებები