საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მეუღლესთან და შვილთან ერთად ეწვია.
სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.
“ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გამომდინარე საქართველოს იმ როლიდან, რომელიც მას აკისრია ევროპასა და აზიასშორის ეკონომიკური თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.
ყირგიზეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის. რაც შეეხება თანამშრომლობის სხვა სფეროებს, ხვალ სხვადასხვა ტიპის შეთანხმებები გაფორმდება, რომლებიც საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს – ეს შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, განათლების და უსაფრთხოების სფეროებს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ყირგიზეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს პირისპირ შეხვდება.
სახელმწიფო ვიზიტის მეორე დღეს კი, ორი ქვეყნის პრეზიდენტები გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან ერთმანეთს.