შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანში, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 163-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 6 პირი: 1997 წელს დაბადებული რ.ზ., 1994 წელს დაბადებული მ.ნ., 1996 წელს დაბადებული ბ.მ., 1996 წელს დაბადებული ჰ.კ., 1992 წელს დაბადებული ვ.კ. და 1993 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ანიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა. თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა პოლიციის დამატებითი ძალები. სამართალდამცველების ჩარევის შედეგად, სიტუაცია განიმუხტა.
შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლით აწარმოებს, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, სამართალდამცველები, ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.