ამერიკელ ახალწვეულ მილიარდერთა ტოპ-რეიტინგში ემიგრანტებიც ფიგურირებენ, რომლებმაც „ამერიკული ოცნების” ახდენა მოახერხეს. ისინი სულ ოთხნი არიან და რთული გზა გაიარეს, სანამ საკუთარი თავი „ფორბსის” რეიტინგში იხილეს.
ენდრიუ ჩანგი ჩინეთიდან ამერიკის კონტინენტზე 1966 წელს გადმოსახლდა და 1973 წელს მამასთან ერთად, რომელიც წარსულში იაპონიაში შეფ-მზარეულად მუშაობდა, ჩინური რესტორანი გახსნა. 1983 წელს ენდრიუმ პირველი სწრაფი კვების რესტორანი გახსნა ჰიპერმარკეტში „პანდა ექსპრესის” სახელით. ენდრიუს ჰყავს მეუღლე, რომელიც მასთან ერთად იყოფს ადგილს „ფორბსის” რეიტინგში. პეგი წარსულში პროგრამისტი იყო, ამჟამად კი მეუღლის „მფარველი ანგელოზია”. ჩანგების ოჯახს 1 500 რესტორნისგან შემდგარი ქსელი აქვთ და მათი კაპიტალი 2 მილიარდი დოლარია.
დანარჩენი ემიგრანტი-მილიარდერები არიან: ინდოელი მანოჯ ბხარგავა, ყოფილი ბუდისტი ბერი, რომელმაც 1,5-მილიარდიანი კაპიტალი ენერგეტიკულ სასმელ 5-Hour Energy-ით შექმნა.
პაკისტანელი შახიდ ხანი ავტონაწილების მწარმოებელი კომპანია „ფლექს-ენ-გეითის” და ამერიკული ფეხბურთის კლუბ „ჯექსონვილ იაგუარსის” მფლობელია. მისი კაპიტალი 2,5 მილიარდი დოლარია.
სამხრეთ აფრიკელი ელონ მასკი კი, ინჟინერია, კომპანია „სფეის იქსის” დამფუძნებელი – პირველი არასამთავრობო კომპანიის მფლობელი კოსმოსურ სფეროში. მასკის ქონება 2,5 მილიარდი დოლარია.