მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის _ "საჩუქარი" გახსნასთან დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართა.
ერთი თვის განმავლობაში, თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ მსოფლიო სახელოვნებო შედევრებს გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, ამერიკიდან. ქართულ თეატრალურ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ევა იერბაბუენას, დიმიტრი კრიმოვის, რიმას ტუმინასის, სერენა სინიგალიას, მიკელე პანელას საუკეთესო დადგმები.
ფესტივალს დაემატა ახალი პროგრამა _ "ფოკუსშია იტალია". მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცე თემო გოცაძისა და მანანა მენაბდის პერსონალურ გამოფენებს უმასპინძლებს.
ფესტივალი „საჩუქარი“ 15 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება. „საჩუქარი“ წელს მეთხუთმეტე იუბილეს ზეიმობს. ფესტივალს თემო გოცაძის პერსონალური გამოფენა გახსნის, რის შემდეგაც 20:00 საათზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ევა იერბაბუენა მაყურებლის წინაშე წარმოდგენით "წვიმა" წარსდგება. სპექტაკლის დასრულებისთანავე, ტრადიციულად გაიმართება მიხეილ თუმანიშვილის პრემიით დაჯილდოება – „ხელოვნებაში სრულყოფილებისათვის“.