ჟურნალისტი ლელა ფაილოძე მარტვილის გამგეობის თანმშრომელს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მას რამდენიმეთვიანი დაპირისპირება ჰქონდა მარტვილის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროს მურმან წოწორიასთან. ლელა ფაილოძის მტკიცებით, სწორედ წოწორია გაუსწორდა ფიზიკურად.
ლელა ფაილოძის თქმით, რომელიც ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" რაიონულ ორგანიზაციაში მუშაობს, წოწორიამ ქუჩაში გავლისას ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„მე მივდიოდი ქუჩაში, წოწორიამ ჩაიარა მანქანით და ხელის ჟესტიკულაციით შემაგინა. მივედი მასთან და ვუთხარი, რას მერჩი, რატომ მაგინებ-მეთქი, ამის შემდეგ მწვდა ყელში და შედეგიც სახეზეა.
ნაცვლად იმისა, რომ მე მივსულიყავი პოლიციაში, თავად მივიდა მარტვილის სამმართველოში და განცხადება შეიტანა ჩემ წინააღმდეგ“, _ აცხადებს ლელა ფაილოძე.
ფაილოძის თქმით, გამგეობის თანამშრომელთან უთანხმოება, მის მიერ წოწორიას ლექსის გამოქვეყნებას მოჰყვა, სადაც წოწორია ბიძინა ივანიშვლს აუგად მოიხსენიებდა.
ჟურნალისტი უკვე დაკითხა პოლიციამ. მას ასევე ჩაუტარდა ექსპერტიზა.
მარტვილში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.