საქართველოს მთავრობის #1098 განკარგულების თანახმად, შპს „ორბი ჯგუფ ბახმაროს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, დაბა ბახმაროში, გურიის ქუჩაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 43,269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად მიჰყიდა.
2018 წლის ბოლოს რეგისტრირებული კომპანიამ, რომელიც „ორბი ჯგუფის“ სამშენებლო დეველოპერული ჰოლდინგის საკუთრებაა, 5 წლის ვადაში პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა ააშენოს, რომელიც მოიცავს სასტუმროს ან სასტუმროებს არანაკლებ 120 ნომრით; კომერციული დანიშნულების ფართებს; კვების ობიექტებს; სპორტულ მოედანს/მოედნებს.
გარდა ამისა, კომპანიამ უნდა გააკეთოს გარე განათება, მოახდინოს გამწვანება.
საერთო ჯამში, 5 წლის განმავლობაში, ინვესტორმა ბახმაროში 50 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის განკარგულების თანხმად, „ორბი ჯგუფ ბახმაროს“ 10 წლის განმავლობაში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების უფლება არ აქვს.
„ორბი ჯგუფი ბახმაროს“ დირექტორი ირაკლი კვერღელიძე, „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ეს კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია:
_ ბახმარო არამარტო გურიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი კურორტია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ იქ ტურისტული ნაკადი გავაასმაგოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტების დამუშავება და დოკუმენტაციის მოწესრიგებ და შესაძლოა, ძალიან მოკლე ვადაში დაიწყოს მშენებლობა, _ აღნიშნა კვერღელიძემ ჩვენთან საუბრისას.
მისივე თქმით, ბახმაროს ასაღორძინებლად ხელიხელჩაკიდებულებმა უნდა ვიმუშაოთ:
_ ეს არის უნიკალური კურორტი და მის ასაღორძინებლად ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. მას აქვს თავისი ისტორია, სამედიცინო დანიშნულება. ბევრი რამაა, რაც მსოფლიოს უნდა გავაცნოთ და ჩვენ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, _ გვითხრა ირაკლი კვერღელიძემ.