დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერით კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თავის ამომრჩეველს და დაჰპირდა, რომ მათი ხმები არ დაიკარგება და საქმეს, რომელიც უნდა გაკეთებულიყო მათი მანდატით, გააკეთებს.
მაესტროს ეთერში სტუმრობისას დავით უსუფაშვილმა ერთმანდატიანი პარლამენტის საფრთხეებზეც ისაუბრა. უსუფაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში ყოფნა, პრაქტიკულად, ვერაფერს შესძენს პარლამენტს.
„იმ საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში, რაც დაგეგმა და მიიღებს კიდეც „ქართული ოცნება“, ჩვენ ვიღებთ ძალიან სახიფათო პოლიტიკურ ვითარებას პარლამენტში. ერთი მხრივ, საკონსტიტუციო უმრავლესობა და მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის იქ ყოფნა, პრაქტიკულად, ვერაფერს შეძენს პარლამენტს, იმიტომ რომ, რაც უნდა ისაუბრონ, თუნდაც ხანდახან კარგი და სწორიც თქვან, ესეც იქნება იგნორირებული, რადგან ეს ორივე მხარის პოლიტიკურ გენეტიკურ კოდშია. ეს არის პოლიტიკური გენეტიკის შინაგანი სტრუქტურის საყრდენი „ქართული ოცნებისთვის“, რომ მან აუცილებლად უნდა უარყოს ყველაფერი, რაც წამოვა „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვინაიდან ეს არის აუცილებლად ბოროტი ძალა მათი შეფასებით. და პირიქით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გენეტიკური კოდი არის ის, რომ, რაც უნდა კარგი გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, აუცილებლად შეაფასებენ, როგორც რუსეთის და კრემლის გავლენას. ანუ, ჩვენ პარლამენტის ნაცვლად, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის დებატებია აუცილებელი, მუშა პარლამენტის ნაცვლად, სადაც, სწორედ განსხვავებული ხედვების ჭიდილის შემდეგ მიიღწევა ხოლმე უკეთესი გადაწყვეტილებები, მივიღეთ პარლამენტი, რომელშიც სასარგებლო, შედეგის მომცემი დებატები, პრაქტიკულად, არ იქნება. სამაგიეროდ, იქნება საკმაოდ ბევრი სანახაობა და მედიის წარმომადგენლებს სამუშაო ნამდვილად არ მოაკლდებათ. მოკლედ, არ მგონია, რომ 21-ე საუკუნეში, ევროპული სივრცის შემადგენლობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანას იმის ფუფუნება ჰქონდეს, რომ პარლამენტი იყოს სანახაობა და არა დებატები, სადაც კონსენსუსი და ჭეშმარიტება მიიღწევა“, _ განაცხადა უსუფაშვილმა.