"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დავალიანების მქონე აბონენტებს 2015 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული წყლის საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდის დავალიანების მეორე ნახევარი ავტომატურად ჩამოეჭრებათ.
ამის შესახებ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს.
"აქცია მე-5 დღეა აქტიურად მიმდინარეობს და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. აბონენტები მარტივად, ოფისში მისვლის გარეშე, ერთვებიან აქციაში და სარგებლობენ ხელსაყრელი პირობებით.
დავალიანების 50%-ის დასაფარად, აბონენტი რეკავს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცხელ ხაზზე – 2 93 11 11, ან სარგებლობს კომპანიის ფეისბუქით და ვებგვერდზე არსებული ონლაინ ჩათით. ოპერატორი მომხმარებელს აბონენტის ნომრის მიხედვით ეხმარება დავალიანების ოდენობის დაზუსტებაში და დავალიანების ჩამოწერაში.
სურვილის შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ კომპანიის სერვისცენტრებს შემდეგ მისამართებზე: საბურთალოს რაიონში – ყაზბეგის გამზ. 19ბ, გლდანის რაიონში – ვეკუას ქ. 2 და ისნის რაიონში შუამთის ქ.10.
მომხმარებლები აქციის პირობებით კმაყოფილები არიან და აღნიშნავენ, რომ მათ აქვთ საუკეთესო შესაძლებლობა დავალიანების სრულად დასაფარად.
კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წამახალისებელი აქციის შედეგად, აბონენტებზე დარიცხული დავალიანება მკვეთრად შემცირდება", – ნათქვამია განცხადებაში.