საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინში ბევრი მუნიციპალიტეტია და მათ შორის ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ამომრჩევლებსაც აქვთ გასაკეთებელი არჩევანი, თუ ვინ იქნება ამ ორი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში.
მართალია, პირველ ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატმა, ნინო წილოსანმა საკმაოდ სოლიდური სხვაობით აჯობა მთავარ კონკურენტს, დამოუკიდებელ კანდიდატ აკაკი ჩხაიძეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მეორე ტური საკმაოდ დაძაბული იქნება. ამაზე ბევრი ფაქტორი მეტყველებს და მათ შორის საგულისხმო და დამაინტრიგებელია იმ პოლიტიკური პარტიების პოზიცია მეორე ტურში, ვინც ვერ მოახერხა 8 ოქტომბერს სასურველი შედეგების მიღწევა. მეტწილად სწორედ ამ ძალების პოზიციაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული და არა მარტო გურიაში, არამედ მთლიანად საქართველოში.
ჯერჯერობით, უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს ლანჩხუთში მეორე ტურში ოპოზიციური პარტია "ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა", რომელსაც ლანჩხუთი-ჩოხატაურის ოლქში საკუთარი კანდიდატურა არ ჰყავდა წარმოდგენილი.
პარტიის ლანჩხუთის გუნდი საარჩევნო კამპანიის წარმოებისას ღიად აფიქსირებდა, რომ ისინი მხარს დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატს, აკაკი ჩხაიძეს უჭერდნენ. თუმცა, როგორც ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ნონა მურვანიძესთან საუბრის შედეგად იკვეთება, ამ ეტაპზე კონკრეტული პოზიცია არ გააჩნიათ და არ იციან, თუ ვის სასარგებლოდ გააკეთებენ არჩევანს მეორე ტურში:
"ჩვენი გუნდი, საარჩევნო კამპანიის წარმოებისას, ღიად უჭერდა მხარს აკაკი ჩხაიძეს, თუმცა, რა იქნება მეორე ტურში, ამაზე ჯერ არ შევჯერებულვართ. ვფიქრობ, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე ღრმა ანალიზის გაკეთებაა საჭირო. მინდა, რეალურად შევაფასო ორივე კანდიდატი და საბოლოოდ, ისე გავაკეთო არჩევანი. ამას დიდი დრო არ დაჭირდება _ საკმაოდ მოკლე ხანში გვექნება ჩამოყალიბებული ჩვენი პოზიცია", _ ამბობს ნონა მურვანიძე.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", რომელთა კანდიდატმა ნინო კვიტაიშვილმა არჩევნებში მესამე შედეგი აჩვენა, დაზუსტებით იციან, რომ სახელისუფლებო კანდიდატის, ნინო წილოსანის სასარგებლოდ არც ერთ შემთხვევაში არ იმუშავებენ, თუმცა, რა პოზიციას დაიკავებენ დამოუკიდებელ კანდიდატ აკაკი ჩხაიძესთან მიმართებაში, ამაზე გადაწყვეტილებას ზემდგომებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღებენ:
"ამ საკითხზე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, თუმცა, ცალსახაა, რომ სახელისუფლებო კანდიდატს არც ერთ შემთხვევაში არ დავუჭერთ მხარს", _ გვითხრა "ნაციონალთა" ლანჩხუთელმა ლიდერმა კახა ასკურავამ.
გარდა "დემოკრატიული მოძრაობისა", აკაკი ჩხაიძის სასარგებლოდ მუშაობდნენ ლანჩხუთელი "რესპუბლიკელებიც". საკრებულოს სამანდატო კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძე, რომელიც "რესპუბლიკური" პარტიის წევრია, ჩხაიძის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. ნაკლებ სავარაუდოა, ბიწაძემ საკუთარი შეხედულებები და პოზიცია შეცვალოს. თუმცა, კონკრეტულად რა გეგმები აქვს მეორე ტურთან დაკავშირებით ლანჩხუთელ "რესპუბლიკელებს", ამის გადამოწმება ვერ შევძელით _ რომან ბიწაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
კონკრეტულ პოზიციაზე არც "პატრიოტთა ალიანსის" ლანჩხუთის ორგანიზაციაში არიან შეჯერებულები, თუმცა, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გურანდა მანაგაძეს საკუთარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ჩამოყალიბებული აქვს:
"ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, თუ რა პოზიცია ექნება ჩვენს პარტიას მეორე ტურში, შესაბამისად, კონკრეტული პასუხის გაცემაც არ შემიძლია. არ მგონია, პარტიის ხელმძღვანელობისგან მკვეთრ ჩარევებს ჰქონდეს ადგილი, თუმცა, თუ პარტია მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობის გადაწყვეტილებას მიიღებს, მე, როგორც ერთი კონკრეტული პიროვნება, მხარს ვერ დავუჭერ მას. საწინააღმდეგო არც "ქართული ოცნების" და არც პირადად კანდიდატის მიმართ გამაჩნია რამე, უბრალოდ, იქ, სადაც ლანჩხუთის მოქმედი გამგებელი ზაზა ურუშაძეა, მე ვერ ვიქნები", _ გვითხრა "პატრიოტთა ალიანსის" ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
"პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" ლანჩხუთის ორგანიზაციაში, როგორც გუნდის შენარჩუნების მომავალზე, ასევე, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მეორე ტურთან დაკავშირებით, დარწმუნებით ვერავინ საუბრობს. ამბობენ, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვევა და მეორე ტურთან დაკავშირებული პოზიციაც ნათელი გახდება.
"ლეიბორისტული" პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტარიელ კალანდარიშვილი მიიჩნევს, რომ გაცილებით უპრიანი იყო, როგორც ბარიერგადალახულ, ისე პარლამენტს მიღმა დარჩენილ პარტიებს ბოიკოტი გამოეცხადებინა არჩევნებისთვის:
"თუმცა, რახან ასე არ მოხდა, ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭო იმსჯელებს, რა პოზიცია დავიკავოთ მეორე ტურში", _ გვითხრა კალანდარიშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ პარტიები, ჯერჯერობით, თავს იკავებენ, ხმამაღლა დააფიქსირონ პოზიცია მეორე ტურთან დაკავშირებით, პირად საუბრებში ადგილობრივი ორგანიზაციების რამდენიმე ხელმძღვანელი, პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, ამბობს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია სახელისუფლებო კანდიდატის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც პარტიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ მიიღებენ.