ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ცემა-წამებაში დაზარალებულად ცნობილ მსჯავრდებულის, თამაზ რ.-ის საქმეზე სასამართლოს სარჩელით მიმართა და დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა, _ამის შესახებ განცხადება ადამიანთა უფლებების ცენტრი ავრცელებს.
გთავაზობთ ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებას: "7 ოქტომბერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ აიღო ვალდებულება, კანონიერ ძალაში შესული განჩინების/გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში გადაუხადოს მოსარჩელე თამაზ რ.-ს 20 000 ლარი მის მიმართ სასჯელაღსრულების სისტემაში განცდილი მატერიალური და მორალური ზიანის საკომპენსაციოდ.
მსჯავრდებული თამაზ რ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, წლების განმავლობაში, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი იყო, რამაც მის ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი დატოვა. მან 12 წელი გაატარა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
5 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ დაკმაყოფილდა ადამიანის უფლებათა ცენტრის შუამდგომლობა თამაზ რ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283 მუხლის საფუძველზე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასჯელის აღსრულების გადავადების თაობაზე. თამაზ რ. სასამართლო სხდომის დარბაზიდან განთავისუფლდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად სახელმწიფომ შეასრულა თავისი პოზიტიური ვალდებულება და გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი წამების მსხვერპლის რეაბილიტაციისკენ.
ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ცენტრი სამინისტროს მოუწოდებს, კონკრეტული მიდგომა განაზოგადოს წამების სხვა მსხვერპლებზე, რომლებიც წლებია, სახელმწიფოსგან ელიან კომპენსაციას და რეაბილიტაციას და ეს საკითხი არის სწორედ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, თუ რა პერიოდშია ჩადენილი ესა თუ ის დანაშაული", _ აღნიშნულია განცხადებაში.