ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის სხდომა მიმდინარეობს. რვა მოსამართლემ არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს _ ირინა იმერლიშვილი ან ზაზა თავაძე. შეხვედრა დახურულ ფორმატში იმართება. სხდომაზე სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა საკუთარი ხედვები უნდა წარმოადგინონ სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.
რის შემდეგაც, ფარული კენჭისყრით, ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. კანდიდატს თავმჯდომარედ დასამტკიცებლად, მინიმუმ, 5 ხმა სჭირდება.
იმ შემთხვევაში თუ ხმები თანაბრად გაიყო, სასამართლოს თავმჯდომარის არჩევნები თავიდან გაიმართება, მაგრამ მასში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ამჟამად წარმოდგენილი კანდიდატები.
საკონსრიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ახალი კანონმდებლობით ხუთი წლის ვადით ირჩევა.