უამრავი დიეტა არსებობს, ეფექტური და გამართლებული კი მხოლოდ სამკურნალო, სპეციალისტის მიერ ზუსტად შერჩეული და სამედიცინო პრაქტიკაში მიღებული დიეტებია. რაც შეეხება მოდურ დიეტებს, რომლებითაც მაქსიმუმ ოთხ კვირაში უნდა შეძლოთ ფიგურის სრული კორექცია, მათთან სიფრთხილე გმართებთ. ასეთი დიეტების მთავარი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ პრაქტიკულ შედეგს არ იძლევა. უპირველესად, იმის გამო, რომ ის აგებულია გარკვეული პროდუქტების მკაცრ შეზღუდვაზე.
ბევრს მიაჩნია, რომ ყველაზე ეფექტურია მკაცრი დიეტის დაცვა. ისეთი დიეტა, რომელიც ნახშირწყლებს გამორიცხავს, მხოლოდ წყალს გამოდევნის ორგანიზმიდან. ადამიანი, რომელიც ამ დიეტას იცავს, წონას სწრაფად კარგავს. მას უხარია, რადგან ფიქრობს, რომ ცხიმებისგან თავისუფლდება. ცხიმები ძალიან ძნელად იწვება, მაგრამ ძალიან სწრაფად აღიდგენს თავს, დიეტის შეწყვეტისთანავე. ასეთი მკაცრი დიეტის დამთავრების შემდეგ, წონას არათუ იბრუნებენ, უფრო მეტადაც კი სუქდებიან. ეს კი იმის გამო ხდება, რომ თუ ყოველდღიურად 1 300 კალორიაზე მეტი არ მივიღეთ, ორგანიზმი თავისით გადაეწყობა კვების მკაცრ რეჟიმზე. ნივთიერებათა ცვლის პროცესი 10-30 პროცენტით ნელდება, ანუ კალორიები ნელა იწვება. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როცა დიეტა სრულდება, ადამიანი ისევ ჩვეულ კვების რეჟიმს უბრუნდება. ორგანიზმს კი ახალ რეჟიმზე სწრაფად გადაწყობა უჭირს და კალორიებს ისევ ნელა წვავს. ეს კი წონაში სწრაფი მატების მიზეზი ხდება.
არასწორი დიეტის დასრულების შემდეგ, გასუქებას ისიც იწვევს, რომ ორგანიზმი შეზღუდულია კვების რეჟიმში, კალორიების მხოლოდ ნახევარს წვავს, დანარჩენს კი მარაგად ინახავს და რაც უფრო ნაკლებ კალორიას იღებს, მით უფრო ეკონომიურად ხარჯავს მას. როგორც კი ადამიანი შიმშილს შეწყვეტს და ჭამას დაიწყებს, ჭარბად მიღებულ კალორიებს, ორგანიზმის მიერ მომარაგებულიც დაემატება და ეს თავისთავად, ორმაგი წონის საწინდარია.
გახდომისთვის საუკეთესო გამოსავალია ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება და ბევრი მოძრაობა. მიირთვით ბევრი ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული.