დილით, გვიმბალაურის ტერიტორიული აპარატის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაგვიდასტურა, რომ გამგებლის მოთხოვნით ყველამ სამსახურიდან წასვლის განცხადება დაწერა, მაგრამ როდის მოაწერს ხელს გამგებელი განცხადებებს, ჯერ არ იციან.
ჩვენ დავუკავშირდით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს გია გოგუაძეს და შევეცადეთ, მასთან გაგვერკვია სიმართლე.
_ ბატონო გია, რა გახდა გვიმბალაურის რწმუნებულისა და მისი აპარატის თანამშრომლების სამსახურიდან გაშვების მიზეზი?
_ ვინც ეს გითხრათ, მიზეზიც იმან აგიხსნათ.
_ თქვენგან გვინდა გავიგოთ _ არ არის ეს ხალხი გათავისუფლებული?
_ არა. ბრძანებები შეგიძლიათ გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში ნახოთ.
ამის შემდეგ შევეცადეთ გავრცელებული ხმების ნამდვილობა თვით გვიმბალაურის რწმუნებულთან გადაგვემოწმებინა. მან ჩვენთან საუბარში, ეს ფაქტი არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, ის და მისი თანამშრომლები ადგილზე რჩებიან.
_ არც სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლის განცხადებები არ დაგიწერიათ?
_ არა. ჯერჯერობით ვრჩებით.
იმნაძე ისე ხაზგასმით იმეორებდა სიტყვას _ “ჯერჯერობით”, რომ ცხადია, ყოველ მათგანს უბრძანეს განცხადებების “ნებაყოფლობით” დაწერა, მაგრამ როდის დააკმაყოფილებს გამგებელი ამ განცხადებებს, მათ მონდომებაზე და მომავალ საქმეებზე იქნება დამოკიდებული.
სანამ უნდა გააგრძელონ დაბალი რანგის საჯარო მოხელეებმა ასეთ დაძაბულ რეჟიმში მუშაობა, ალბათ, მხოლოდ გია გოგუაძემ იცის.