ლანჩხუთის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ სტალინის ბიუსტი დააზიანეს. ანალოგიურ ფაქტს ადგილი ლანჩხუთში გასულ წელსაც ჰქონდა, მაშინაც უცნობმა პირებმა თაბაშირისგან დამზადებულ ბელადის ბიუსტს ცხვირი მოატეხეს და შავი საღებავით მოხატეს.
ამჯერადაც უცნობია, ვინ ხელყო საბჭოთა ბელადის ბიუსტი, რასაც აქაური ომის ვეტერანების მხრიდან უკმაყოფილება და ხმამაღალი განაცხადის მოჰყვა. ისინი მომხდარს უზნეობად მიიჩნევენ და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებენ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ბიუსტის დასაცავად.
„დღე არ გავა, რომ რაიმე სამწუხარო, გულსატკენი არ გაიგოს ადამიანმა, მაგრამ უფრო გულსატკენია, როცა შენს მშობლიურ რაიონში ხდება ასეთი აღმაშფოთებელ და ყოვლად უზნეო საქციელი. ომის ვეტერანთა ერთადერთი ფასეული და საამაყო _ სტალინის ბიუსტი დალეწეს და დაანგრიეს. ბიუსტი იყო იმ თითზე ჩამოსათვლელ ომის ვეტერანთა გამარჯვების დღეზე შეკრების და ომში დაღუპულთა პატივის მიგების ადგილი. ამიტომ რაიონის ხელმძღვანელობას მეტი ყურადღება მართებს მის დასაცავად“, _ ამბობენ ვეტერანები თავიანთ ერთობლივ წერილში და აქვე ეჭვსაც გამოთქვამენ: „ეს მერამდენედ ზუსტად ფეხბურთში „გურიასა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის დროს ხდება. ეჭვია, რომ ეს ფეხბურთის ფანების გაკეთებულია. ეს ჩვენი რაიონის, თითოეული ლანჩხუთელის შეურაცყოფაა“.
როგორც ირკვევა, ზემონახსენები ეჭვის საფუძველს ვეტერანებსა და სტალინის ბიუსტის გულშემატკივრებს ის აძლევთ, რომ, როგორც ახლა, გასულ წელსაც ბიუსტი სწორედ მაშინ დააზიანეს, როცა ლანჩხუთში „დინამოს“ ქომაგობა იმყოფებოდა. თუმცა, გარდა ეჭვისა და ფაქტის დამთხვევისა, მომხადით აღშფოთებულ ლანჩხუთელებს ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთ.