15-16 ოქტომბერს ზესტაფონში ჩატარდა ქართველი საჭადრაკო მოღვაწის ჯემალ მახათაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი "ზესტაფონი 2016". ასპარეზობა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100-ზე მეტი მოჭადრაკე ასპარეზობდა. ტურნირში წარმატებით იასპარეზა ჩოხატაურელმა მოჭადრაკემ საბა ბოლქვაძემ, რომელმაც 8 წლამდე ჭაბუკთა შორის პირველი ადგილი დაიკავა. საბა ზესტაფონის ჭადრაკის ფედერაციისაგან თასით, მედლით, სიგელითა და ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდა.
მანამდე საბა ქალაქ სამტრედიაში იმყოფებოდა, სადაც ჩატარდა ცნობილი მოჭადრაკის ანზორ მაჩიტიძის სახელობის მემორიალი ჭადრაკში (ანზორ მაჩიტიძე წლების განმავლობაში ემსახურებოდა თავის რაიონს, რომელმაც არაერთი წარმატებული მოჭადრაკე აღზარდა). ტურნირში სამტრედიელი მოჭადრაკეების გარდა სენაკის, ხობის, ზუგდიდის, ხონის, ქუთაისის, თერჯოლის, ბაღდათის, ტყიბულის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ვანის, გორის და თბილისის 111 მონაწილე იყო ჩართული, რომელშიდაც 8 წლამდე ჭაბუკთა შორის ჩოხატაურელმა მოჭადრაკემ საბა ბოლქვაძემ მესამე ადგილი დაიკავა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან თასით, მედალი, სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცა.
ამჟამად საბა მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატში მონაწილეობს (8,10 და 12წ.). ჩემპიონატს ბათუმი მასპინძლობს.
პირველ ტურში საბამ კორეელ მოჭადრაკე ცეონ შეჩუკთან მარცხის შემდეგ, მე-2 ტურში სამხრეთ აფრიკელ სენეკალ ფრედერიკ პეტრუსთან გამარჯვება იზეიმა.
დღეს ჩემპიონატის მე-3 ტური მიმდინარეობს. საბა რუს მოჭადრაკეს ტეტიევ სტეფანს შავი ფიგურებით დაუპირისპირდება. ტურნირში სულ 11 ტური უნდა გაიმართოს.
"გურია ნიუსი" წარმატებებს უსურვებს პატარა მოჭადრაკეს.