საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა, თუმცა ზუგდიდში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იყო მცირედი შეფერხება.
"ზუგდიდიში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შეფერხება იყო ელექტროენერგიის თვალსაზრისით, არ იყო ელექტროენერგია, თუმცა, უბანი გაიხსნა დროულად, მათ მოახერხეს მუშაობა და უკვე 07:45 წუთზე კენჭისყრისწინა პროცედურები გახორციელებული ჰქონდათ და ელოდნენ პირველი ამომრჩევლის მისვლას. მოგეხსენებათ, პირველ ამომრჩეველს შეუძლია ხმა მისცეს 8 საათის შემდეგ. შესაბამისად, მიუხედავად ამ შეფერხებისა, მათ მაინც მოახერხეს მუშაობა, მოამზადეს ყველა შესაბამისი მასალა, რაც საჭირო იყო. ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში", _ აღნიშნა ანა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამეტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით განმეორებითი კენჭისყრა ორი მაჟორიტარული ოლქის 4 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში განმეორებითი კენჭისყრა ორ საარჩევნო უბანზე, სოფელ განმუხურში კი, ერთ საარჩევნო უბანზე ტარდება.
ზუგდიდში სამ უბანზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრც მიმდინარეობს.
განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ საარჩევნო უბანზე.































































