საქართველოს პარლამენტში პარტიული სიით არჩეულმა დეპუტატობის 77-მა კანდიდატმა ნარკოლოგიური შემოწმება უკვე გაიარა.
ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თითოეულ ცნობაში მითითებულია, რომ აღნიშნული პირები არ წარმოადგენენ ნარკოტიკების მომხმარებლებს.
„კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით სავარაუდოდ არჩეულ თითოეულ წევრს, კენჭისყრის დღიდან 7 დღის ვადაში ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაევლო. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ კენჭისყრიდან ორი კვირის განმავლობაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას ჩვენთვის ინფორმაცია უნდა მოეწოდებინა, თუმცა ამავდროულად, პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნული ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციისათვის მოეწოდებინა. ამ ეტაპზე წარმოდგენილი ცნობაში მითითებულია, რომ ისინი არ წარმოადგენენ ნარკოტიკების მომხმარებლებს“, _განაცხადა მიქელაძემ და დასძინა:რაც შეეხება, მაჟორიტარობის კანდიდატებს, კანონმდებლობის თანახმად, მათ შესაბამისი შემოწმება მაჟორიტარ კანდიდატად რეგისტრაციისას უნდა გაევლოთ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა ნარკოლოგიურ შემოწმებას ”საარჩევნო კოდექსი” ითვალისწინებს. კოდექსის თანახმად, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა, წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიიდან არჩეულმა პარლამენტის წევრობის ყველა კანდიდატმა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიაროს. მათზე უნდა შედგეს შესაბამისი ცნობა, რომელშიც აღინიშნება, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი ჯანმრთელია ან ნარკოტიკების მომხმარებელია.
საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, თუკი პარლამენტის წევრად არჩეული პირი კანონით დადგენილ ვადაში ნარკოლოგიურ შემოწმებას არ გაივლის და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარს განაცხადებს, პარლამენტი ვალდებულია მიიღოს დადგენილება, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის შესახებ.
”საარჩევნო კოდექსში” პირდაპირ წერია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელი, ხოლო თუ ეს პირი შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ არჩეულად გამოაცხადა, პარლამენტს უფლება არა აქვს, ცნოს მისი უფლებამოსილება.