თავდაცვის სამინისტრო გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად დაფარავს, _ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურის, რიგით აკოპ სამველის ძე მალხასიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს.
რიგითი აკოპ მალხასიანის 2015 წლის ნოემბრის თვიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს და მის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად დაფარავს“, – ნათქვამია განცხადებაში.