22 ოქტომბრის განმეორებითი კენჭისყრის პროცესი დასრულდა. 20:00 სთ-ზე საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმის დათვლის პროცედურები დაიწყო. არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, _ აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოში ბრიფინგი გაიმართა.
მათი ინფორმაციით, 20:00 სთ-ის მდგომარეობით კენჭისყრაში მარნეულის მუნიციპალიტეტის №48-ე საარჩევნო უბანზე 766 ამომრჩეველი გამოცხადდა (53.3 %), ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამივე საარჩევნო უბანზე 1468 (51.6%) ამომრჩეველი მივიდა.
საარჩევნო უბნების დახურვის შემდგომ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ანა მიქელაძემ მედიას ამომრჩეველთა სტატისტიკა გენდერულ ჭრილშიც გააცნო. ცესკოს სპიკერის თქმით, მარნეულში განმეორებით კენჭისყრაში 296-მა ქალმა და 470-მა მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება ზუგდიდს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 650-მა ქალმა და 818-მა მამაკაცმა.
„იქიდან გამომდინარე, რომ დღეს, მთელი დღის განმავლობაში ოთხივე საარჩევნო უბანზე და განსაკუთრებით, მარნეულის №48-ე საარჩევნო უბანზე, იმყოფებოდნენ დიდი რაოდენობით უფლებამოსილი პირები, მათ შორის, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები, ისე საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები, ჩვენ, კიდევ ერთხელ გვინდა ვთხოვოთ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას შექმნან ისეთი პირობები, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების თითოეულმა წევრმა შეძლოს შეუფერხებლად ხმის დათვლის პროცესის კანონშესაბამისად წარმართვა.
მას შემდეგ რაც საუბნო საარჩევნო კომისიები დაასრულებენ ხმის დათვლის პროცედურებს, საუბნო შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge,“ – განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.