ერთი შვილი სახლში მისვენია, მეორე შვილს არავის გავატან, _ ამის შესახებ, „კრწანისის“ საწვრთნელ ბაზაზე მოკლული გიორგი შენგელიას მამამ, რომან შენგელიამ, ,,პალიტრანიუსის” გადაცემაში ,,360 გრადუსი” განაცხადა.
გარდაცვლილის მამის თქმით, ოჯახს გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. მისივე განცხადებით, საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ დანაშაული მის მეორე შვილს დააბრალონ. რომან შენგელიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება ეფექტურად არ წარიმართება, გარდაცვლილის სხეულს ზუგდიდის ცენტრში გადაასვენებს და საპროტესტო აქციას დაიწყებს.
,,ოთხის ნახევარზე მოკლეს ბავშვი, რვის ნახევარზე ნახეს. სად იყვნენ მანამდე, თუ სროლა იყო, რატომ არ ნახეს, მკვდარი იყო თუ დაჭრილი. ოთხ საათში ფეხით ჩავალ თბილისში. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც არააო, შუქი არ ყოფილა თურმე და ბნელოდაო. ასე აწყობდათ მაგათ! ისე ყველაფერს ხუთ წუთში ნახულობენ. ერთი შვილი მომიკლეს და ახლა ცდილობენ მეორეს ,,უჩალიჩონ” რაღაც. ერთი შვილი სახლში მისვენია, მეორე შვილს არავის გავატან. ხვალ დილამდე ველოდები, მერე მე თვითონ გავიტან ჩემი შვილის ცხედარს სახალხოდ, ზუგდიდის ცენტრში და დავუჯდები გვერდით. ვანახებ მაგათ,ნვინ დამიდგება გვერდით. სხვა გზა არ დამრჩა ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად.
ჩემს შვილთან საუბარი გუშინ მქონდა. მან მითხრა, რომ გიგა გოგოებთან იყო წასული. ამის მერე მასთან კომუნიკაცია არ მქონია, არ ვიცი, სად არის. ჩემს შვილს რამე რომ მოუვიდეს, ან თვითონ უწიოს თავის თავს, ყველაფერზე წავალ. არაფერი მაქვს დასაკარგი”, _ განაცხადა რომან შენგელიამ.