ჩვენ მზად ვართ, გიორგი კვირიკაშვილის მთავრობასთან თანამშრომლობისთვის, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ამ დროისთვის რაიმე კონკრეტული წინადადებები არსებობს, – ამის შესახებ 2030.news-ს "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
"ჩვენ ოპოზიციაში ყოფნას აღარ ვაპირებთ, ანუ არ ვიქნებით არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი. ჩვენ მზად ვართ, ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ ჯერ-ჯერობით კონკრეტული საუბარი სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით, არავისთან შემდგარა. ჩვენ მზად ვართ ვიყოთ სახელმწიფოს სამსახურში", – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეკითხვაზე თუ რა ტიპის შეხვედრა შედგა "ქართული ოცნების" ლიდერ გია ვოლსკისთან და უკავშირდებოდა თუ არა ეს მათ სამომავლო გეგმებს, ზურაბ აბაშიძის თქმით,"გია ვოლსკის წლებია ვიცნობთ და ჩვენ მასთან ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია, მაშინაც კი, როდესაც "თავისუფალი დემოკრატები" ოპოზიციაში გადავედით და ამ ურთიერთობის გაწყვეტას არც მომავალში ვაპირებთ. დღეს ვოლსკის პირველად არ შევხვედრილვართ და ყველა ეს შეხვედრა არის მხოლოდ პირადი ხასიათის", -აღნიშნა აბაშიძემ.
"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრები დღეს, 14:00 საათზე, საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავენ.