იუსტიციის სახლის ყველა ფილიალის წინა ხაზის ოპერატორები, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებს პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ.
21 ოქტომბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, იუსტიციის სახლსა და "ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ტორუამ და "ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა.
იუსტიციის სახლი იწყებს პროექტის – „პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა მომხმარებლებისთვის" – განხორციელებას, რაც გულისხმობს იუსტიციის სახლის წინა ხაზის ოპერატორების გადამზადებას პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიმართულებით. ცხრამეტი ფილიალის 50-მდე თანამშრომელი შესაბამისი უნარების შესწავლის შემდეგ შეძლებს იუსტიციის სახლში მოსული მომხმარებლებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი დახმარების გაწევას.
პროექტის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც თბილისის იუსტიციის სახლში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.