გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამა დღეს "კრწანისის" საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა. ბაზის დათვალიერების შემდეგ რომან შენგელიამ განაცხადა, რომ გასროლა ბაზის შიგნით მოხდა.
ლიკვიდირებულის მამის განცხადებით, საბოლოო დასკვნების გაკეთებამდე გამოძიების პასუხს დაელოდება.
"დავათვალიერე ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა. ვითარებაში გამარკვიეს. რაც კითხვებიც მქონდა, პასუხები მივიღე. კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ და დაველოდები გამოძიების შედეგებს. სამი შეკითხვა მქონდა და სამივეზე მივიღე პასუხი", _ აღნიშნა გარდაცვლილის მამამ.
გარდაცვლილის მამის თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებმა სურათი აჩვენეს სადაც ე.წ. ”გაზის პისტოლეტი" იყო დაფიქსირებული.
რომან შენგელია აცხადებს, რომ გუშინ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი შვილი მეგობრებთან ერთად სამხედრო ბაზაზე ხშირად შედიოდა, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გააჟღერა.
"მე იმას გეუბნებით, რაც მითხრეს", _ თქვა მან.
საქართველოს თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 საათზე დაფიქსირდა. რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. განხორციელებული სროლის შედეგად 23 წლის გიგა შენგელაია დაიღუპა.
ოჯახი გამოძიებას არ ენდობოდა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას გეგმავდა, თუმცა, რომან შენგელიამ პოზიცია დღეს შეცვალა.