თურქული კომპანია „ENA Textile“ გურიაში რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს, _ ამ საკითხთან დაკავშირებით გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერთან ბეგლარ სიორიძესთან ერთად, კომპანიის წარმომადგენელს სეჩიმ სარანდის შეხვდა.
„ENA Textile“ ძირითად საქმიანობას „ZARA”-ს ტანსაცმლის წარმოება წარმოადგენს და სწორედ აღნიშნული ბრენდის სამოსის ფაბრიკის აშენება იგეგმება ქალაქ ოზურგეთში. პროექტის განხორცილების შედეგად საწარმო 1000-მდე ადგილობრივ მაცხოვრებელს დაასაქმებს.
"ზარა" მსოფლიოში ცნობილი ესპანური ბრენდია, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2000-მდე მაღაზია აქვს. წლის განმავლობაში კი კომპანიაში იქმნება 10 000 – ზე მეტი ახალი მოდელი.
"გურიის რეგიონში ინვესტიციების განხორციელებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. მსგავსი სახის პროექტები რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ქალაქ ოზურგეთში არსებული ფართების შესწავლის შემდეგ მოლაპარაკება შემდეგ ეტაპზე გადავა. ჩვენ კომპანიას პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ“, _ განაცხადა გია სალუქვაძემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ქალაქში არსებული საპრივატიზაციო ობიექტები დაათვალიერეს და პროფესიული კოლეჯი "ჰორიზონტი" მოინახულეს, სადაც საწარმოში დასასაქმებელი მუშახელის გადამზადება განხორციელდება. (R)