თბილისში, კრწანისის 23-ე უბანზე სასულიერო პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს კურთხევას აძლევს საჩივრები არ დაწერონ.
"გურია ნიუსს" მიაწოდეს ვიდეო, რომლითაც დასტურდება, რომ სასულიერო პირი უბანზე იმყოფება. ამავე უბნის კომისიის წევრთა მტკიცებით, აღნიშნული სასულიერო პირი ამ უბნის ამომრჩეველი არ არის.
აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსმა" მე-4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გადაამოწმა. დავით ფეტვიაშვილი ჩვენთან საუბრისას ადასტურებს უბანზე სასულიერო პირის შესვლას, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნულ პირს უბანზე არც ხმა მიუცია და არც რაიმე დაურღვევია.
"ნამდვილად ყოფილა მამაო უბანზე. ერთი ნაბიჯი გადმოუდგია, შიგნით არ შესულა, დაულოცია თუ კურთხევა მიუცია, მშვიდობიან დღეს გისურვებთო; ნაკლები საჩივრები წერეთო და წასულა. რა პრობლემაა ვერ გავიგე. ამომრჩეველი არ იყო; არც ხმა მიუცია და არც რაიმე დაურღვევია. ამაზე საჩივარიც დაწერა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა. რა იყო აქ დასაწერი ვერ ვხვდები", _ აცხადებს ფეტვიაშვილი.
ვინ არის აღნიშნული სასულიერო პირი ამ ინფორმაციის გადამოწმებას "გურია ნიუსი" საპატრიარქოში ცდილობს. მათ პასუხს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.