ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის #15 უბანზე (ზომლეთი), კომისიის თავმჯდომარემ დავით ჟორჟოლიანმა, რამდენიმე წუთის წინ "გურია ნიუსის" გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალება არ მისცა _ კომისიის თავმჯდომარემ უბანზე შესასვლელი კარი მოგვიჯახუნა და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა დავიწყებია.
ჟორჟოლიანის გაღიზიანების მიზეზი კომისიის ერთ-ერთი წევრის მიმართ ჩვენი "ზედმეტი ინტერესი" აღმოჩნდა _ იგი იმ შენობის მეორე სართულზე დავაფიქსირეთ, რომლის პირველ სართულზეც საარჩევნო უბანია განთავსებული.
როგორც კომისიის წევრმა განმარტა, მეორე სართულზე, სადაც უცნობი პირები ალკოჰოლს მიირთმევდნენ და ბანქოს თამაშობდნენ, სიგარეტის მოსაწევად ავიდა, ხოლო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ "ეს არავის გასარკვევი არ არის და თავისუფალ დროს, კომისიის წევრი სადაც უნდა, იქ წავა".
საარჩევნო უბანზე მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ პოლიციის და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გამოძახება გახდა საჭირო.
_ კომისიის თავმჯდომარე რომ მედიასთან ასე არ უნდა იქცეოდეს, ამას კომენტარი არ სჭირდება, _ აღნიშნა ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თემურ კუტუბიძემ ჩვენ მიერ გადაღებული კადრების ნახვის შემდეგ.
მან კომისიის თავმჯდომარეს და უბნის გარეთ "სიგარეტის მოსაწევად" მყოფ წევრს ახსნა-განმარტების დაწერაც მოსთხოვა და უფრო მეტი დეტალის დასაზუსტებლად კომისიის სამი წევრისთვის ალკოტესტის ჩატარებაც მოითხოვა:
_ დავრეკე 112-ში და გამოვიძახე პატრული. შემოწმდებიან ალკოტესტზე და შედეგებსაც გაგაცნობთ, _ აღნიშნა კუტუბიძემ.



































































