"არჩევნებმა ჩაიარა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, სადაც ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა საკუთარი არჩევანი გაეკეთებინა" _ ეს განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
კალაძის თქმით, " დღევანდელი დღე იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების გზაზე".
"არჩევნებმა ჩაიარა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, სადაც ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა საკუთარი არჩევანი გაეკეთებინა. მადლობას ვუხდით ამომრჩეველს აქტიურობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. საქართველოში არჩევნები შედგა და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“
. ჩვენს ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით, პრაქტიკულად ყველა საარჩევნო უბანზე ლიდერობენ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები. საზოგადოების მიერ გამოცხადებული ეს უდიდესი ნდობა გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას. მზად ვართ განახლებული ენერგიით განვაგრძოთ ყველა იმ გეგმის განხორციელება, რომელიც სწრაფი განვითარების გზით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას კეთილდღეობას მოუტანს." _ განაცხადა კალაძემ.