უცნაური იყო ის ამბავიც, რომ შესაძლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ გაუჟონავს არანაირი საინფორმაციო წყაროდან. ექსპრომტად მიღებული ამ გადაწყვეტილების შესახებ, მინისტრებმა ტელეფონით შეიტყვეს, სამხარეო პოლიციის უფროსებმა “გურია ნიუსის” საშუალებით.
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, შოთა უტიაშვილი კი ისეთი დაბნეული გვესაუბრებოდა, ეჭვიც არ შეგვპარვია იმაში, რომ საკუთარი მინისტრის ახალი თანამდებობა მისთვისაც დიდი მოულოდნელობა იყო. ჩვენს ყველა კითხვაზე ყოფილი მინისტრის მარჯვენა ხელი გვპასუხობდა, რომ არაფერი იცოდა.
უტიაშვილს არც იმაზე ჰქონდა პასუხი, რას მოიმოქმედებდა სამომავლოდ, დარჩებოდა შსს-ში თუ პრემიერ-მინისტრის აპარატში გადავიდოდა.
“ნუ მისვამთ რა მასეთ უხერხულ კითხვებს, არ ვიცი, არაფერი არ ვიცი,” _ გვპასუხობდა ის განუწყვეტლივ.
რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს, რომელიც ჟურნალისტებთან ენაწყლიანობითა და თავისებური იუმორით გამოირჩევა, “გურია ნიუსს” პირდაპირ განუცხადა, _ მაცადეთ, ჯერ გავიაზრო რა მოხდა და მერე მოგცემთ კომენტარსო.
გურიის სამხარეო პოლიციის უფროსი, დავით ცირეკიძე, ბოლო მომენტამდე გვეუბნებოდა, _ მაგ ინფორმაციას არ გიდასტურებთო. დღეს მასთან აღარ გადაგვირეკავს, რადგან გუშინ უკვე შევატყობინეთ თავისი მინისტრის გაპრემიერების ამბავი.
როგორც ექსპერტები და პოლიტიკოსები ამბობენ, უფრო კონკრეტული ანალიზის გაკეთება მას შემდეგ შეიძლება, რაც შსს-ს ახალი მინისტრი დასახელდება.