გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, პროექტის – “გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესება შავ ზღვაში“ (EMBLAS) წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა შავ ზღვაში განხორციელებული კვლევების შედეგები განიხილეს და მონიტორინგის გაუმჯობესების საკიხებზე იმსჯელეს.
გიგლა აგულაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სააგენტოს ღვაწლმოსილ მეცნიერებს ჯილდოები გადასცა და შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
შეხვედრას სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო სექტორის, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები ესწრებოდნენ.
შავი ზღვის საერთაშორისო დღე 1996 წლიდან აღინიშნება, შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. ქ. სტამბოლში შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა და მათ შორის საქართველომ ხელი მოაწერა შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას, რაც ამ უნიკალური აუზის გარემოს დაცვის, აღდგენის და გონივრული მართვის ეროვნული პასუხისმგებლობას გულისხმობს.