„ქართულ ოცნებაში“ ამ დროისთვის სამთავრობო ცვლილებების რამდენიმე ვარიანტი განიხილება.
ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით, თანამდებობას დატოვებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნება გიორგი გახარია, რომელიც ამ დროისთვის ეკონომიკური საბჭოს მდივანი და ბიზნესომბუდსმენია.
განიხილება შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის შეცვლის საკითხიც, თუმცა 2030.news-ის ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ მისი შემცვლელის კანდიდატურაზე შეთანხმება მიღწეული არ არის.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეორე ნომერი კახი კალაძე კვლავ ენერგეტიკის მინისტრად დაბრუნდეს.
ოფიციალური კომენტარები ამ თემაზე ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აღნიშნა, რომ მთავრობაში და, მათ შორის ეკონომიკურ გუნდში ცვლილებები მოსალოდნელია.
წყარო: 2030.news