ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ჩატარებულ არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება და ქართველ ხალხს არჩევნების წარმატებით დასრულებას ულოცავს.
"გურია ნიუსი" თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თარგმანს გთავაზობთ:
"ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს არჩევნების მეორე ტურის წარმატებით დასრულებას ულოცავს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია.
აღვნიშნავთ, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით 8 და 30 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და ორგანიზებული ისე, რომ დაცული იყო კანდიდატების და ამომრჩევლების უფლებები.
მთელი სპექტრის პოლიტიკურმა ლიდერებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი, როცა მოწოდებდნენ მხარდამჭერებს გამოეჩინათ თავშეკავება საარჩწევნო პერიოდში, რომ ქართველ ამომრჩეველს საკუთარი არჩევნის გაკეთება თავისუფლად შეძლებოდა", _ ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, თეთრი სახლი საარჩევნო პერიოდში მომხდარი ინციდენტების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ ძალადობისა და დაშინების ცალკეული ინციდენტების გამო და კანონის უზენაესობის შესაბამისად გამოვდივართ ანგარიშვალდებულების,ასევე საფუძვლიანი და დაბალანსებული გამოძიების მოწოდებით", _ ნათქვამია განცხადებაში.
თეთრი სახლი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს მოუწოდებს ერთად იმუშაონ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა „დემოკრატიული კონსოლიდაცია, უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღება“.
„ველით მუშაობას ახალ მთავრობასთან და პარლამენტთან, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მიზნით“, _ აცხადებს თეთრი სახლი.