ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნინო წილოსანმა ჯერ არ იცის ექნება თუ არა ბიურო ორივე მუნიციპალიტეტში:
"მე თვითონაც ვაპირებ მაგის გარკვევას. არ ვიცი იქნება თუ არა ცენტრიდან დაფინანსება, მაგრამ რაც არ უნდა იყოს აუცილებლად მეყოლება წარმომადგენელი ჩოხატაურშიც და ლანჩხუთშიც", _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას წილოსანმა, რომელიც წარმომადგენლების შერჩევას მომავალ კვირაში გეგმავს:
" იმ კვირაში ჩამოვდივარ. მინდა, რომ კადრები შერჩევით ავიყვანო და შესაბამისად, უახლოეს მომავალში გვეცდოდინება ვინ და სად იქნება", _ ამბოს წილოსანი.
_ ქალბატონო ნინო, აქტიურად საუბრობენ, რომ ჩოხატაურის წარმომადგენლობას მეგობარს, ქეთევან სიხარულიძეს ჩააბარებთ, რომელიც "ქართული ოცნების" და თქვენი მხარდაჭერის გამო "ეროვნული ფორუმიდან" გარიცხეს…
_ ჯერჯეობით ერთმანეთში არ გვქონია ამაზე საუბარი. არც ჩემგან წასულა შეთავაზება და ზოგადად ჭორებს არ ვყვები, _ გვითხრა წილოსანმა.
ამ დრომდე ჩოხატაურს და ლანჩხუთს სხვადასხვა დეპუტატი ჰყავდა და შესაბამისად, ბიურებიც ორივე მუნიციპალიტეტში იყო.
კანონში შესული ცვლილების შემდეგ კი, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ოლქი გაერთიანდა, ოზურგეთის 6 სოფელიც დაემატა და ერთი დეპუტატიც ჰყავთ _ ნინო წილოსანი, რომელმაც მანდატი მეორე ტურში, 30 ოქტომბერს მოიპოვა.